თსუ იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების ინიციატივით, 26 მაისი - ქართული სახელმწიფოს გამორჩეული ეროვნული დღესასწაული, იურიდიულ ფაკულტეტზე საიუბილეო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები: პროფესორი ირმა ხარშილაძე და ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების წევრები: პროფესორი ნანა ჭიღლაძე, თორნიკე გოგისვანიძე, ნუცა ქაშაკაშვილი, თორნიკე ნემსწვერიძე, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა, ექვსი თემატური პანელის ფარგლებში - თითოეული რამდენიმე მოხსენებას მოიცავდა, წარმოადგინეს პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების საქმიანობა ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციური ინსტიტუტების დამკვიდრებაში და დაუკავშირეს ამ ეპოქის სულისკვეთება თანამედროვეობასა და მომავალ პერსპექტივას.
პანელური თემები:
I პანელი
სახელმწიფოს მახასიათებლები „მცოდნე კაცების“ მოღვაწეობაში
II პანელი
ძირითადი უფლებები და მათი დაცვა - პირველი რესპუბლიკის გამოწვევა
III პანელი
სახელმწიფოს ფორმა - აზრთა ჭიდილი და არჩევანი ქართული კონსტიტუციონალიზმის გარიჟრაჟზე
IV პანელი
არჩევნები, მისი მნიშვნელობის აღქმა და თავისებურებები
V პანელი
საპარლამენტო უზენაესობის შუქჩრდილები პირველი რესპუბლიკის რეალობაში
VI პანელი
აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსი და დატვირთვა 1918-1921 წლების მოაზროვნეებისა და „დამფუძნებელი მამების“ თვალით.
საკონსტიტუციო სამართლის მიმართულება აქტიურად გააგრძელებს სტუდენტურ/სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერას და სამომავლოდ, სტუდენტებს მრავალ სიახლეს ჰპირდება.